ახალი ამბები
რა ფორმით შეძლებენ მუშაობას ღია და დახურული აუზები
ჯანდაცვის სამინისტრომ ღია და დახურული ტიპის აუზისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ზუგდიდში, ე.წ. ბაიას ბაზაზე არსებული საცურაო აუზის ადმინიტრაციაში ამბობენ, რომ რეგულაციებს უკვე გაეცნენ და მის შესრულებაზე მუშაობა დაიწყეს.

„დაწესებული რეგულაციების დაცვა ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს და უკვე ორშაბათისთვის მზად ვართ შემოწმებისთვის. ვფიქრობთ, მომავალი კვირისთვის მზად ვიქნებით მივიღოთ მსურველები“, - ამბობენ „კლუბ 407“-ის ადმინისტრაციაში.

რეკომენდაციების თანახმად, ღია და დახურულ აუზებზე შეზლონგებს შორის მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე).

აკრძალულია შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. შეზლონგი კი გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. ამასთან, ერთად, ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი პირბადის გარეშე არ დაიშვება.

საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი. აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექციაც 2 საათში ერთხელ უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ყველა ობიექტზე დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვოს.


Print