ახალი ამბები
თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი საქმეში დამოუკიდბელი ექსპერტის ჩართვას აპირებს
თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ 6 ივლისს დაღუპული 27 წლის ზუგდიდელი ვახტანგ გულუას ოჯახს უბედური შემთხვევის შესახებ ვერსიის არ სჯერა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს და სახურავიდან მერე გადმოაგდეს. მათივე მტკიცებით, ცხედარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მათ შორის, ყელზე დაზიანებები აღენიშნება.

„ყელზე და ხელებზე ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა. გამოძიების ვერსიით კი სახურავზე ავიდა და ჩამოვარდა. სახურავიდან მეოთხე სართულზე უნდოდაო ჩასვლა. შემთხვევიდან ერთ საათში სახანძრო მოსულა და ყველაფერი, კვალი გადარეცხეს. ასევე, უბედური შემთხვევის იმიტომ არ გვჯერა, რომ შეყვარებულის გამო ემუქრებოდნენ და საქმეს ურჩევდნენ. თუ ვინმეს აწუხებდა დაერეკათ პოლიციაში. ვფიქრობთ ჯერ გაგუდეს და მერე ჩამოაგდეს, ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას, დაიკითხოს ყველა ვინც კავშირშია ამ საქმესთან“, - ამბობს ოჯახის ახლობელი ირინა გულუა.

გულუების ოჯახი მომხდარის შემდეგ აღნიშნულ ქალთან კონტაქტზე ვერ გადის, რადგან, მათივე თქმით, მან ბინა გამოიცვალა და სოციალური ქსელში საკუთარი ანგარიში გააუქმა. ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

Print