რეგიონი
სოფელ ხაიშთან გაჩენილი ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია
სვანეთში, სოფელ ხაიშთან გავრცელებული ტყის ხანძარის ოთხი კერიდან სამის ლიკვიდაცია, ხოლო ერთის სრული ლოკალიზება მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მიმდინარეობს მონიტორინგი.

"სვანეთში მუშაობდა ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. სოფელ ხაიშთან 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა ხანძრის ქრობა რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომი ადგილებში. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით", - ამბობენ უწყებაში.

სვანეთში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.
Print