ახალი ამბები
ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს უცნობმა პირმა ქვა ესროლა 
ზუგდიდში სამგზავრო ავტობუსს უცნობმა პირმა ქვა ესროლა და საქარე მინა დაუზიანა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ცაიშთან მაშინ მოხდა, როცა ავტობუსს მგზავრები თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა. სატრანსპორტო კომპანია "გლობუსის"წარმომადგენლის დავით დიდიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ უკვე მიმართეს პოლიციას.

"ავტობუსი ასრულებდა ღამის რეისს, სოფელ ცაიშთან უცნობმა ნიღბიანმა გადაუჭრა გზა, ქვით საქარე მინა ჩაუმტვრია და გაიქცა. სავარაუდოდ ახალგაზრდა კაცია. გვაქვს ეჭვი, რომ მიზანმიმართულად მოხდა ეს. ყველა ჩვენს ავტობუსს ვიდეორეგისტრატორი აქვს, მივმართეთ პოლიციას და ვნახოთ. ახლა გვაქვს აქცია, პანდემიასთან დაკავშირებით, ვინც ზუგდიდიდან თბილისში იმგზავრებს და იყიდის ბილეთს, უკან უფასოდ მოგვყავს. ვერაფერს მივაწერ, რაცაა რეალურად ეს მოხდა", - თქვა დიდიშვილმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სატრანსპორტო კომპანია "გლობუსმა" ზუგდიდში ოპერირება ერთი თვის წინ დაიწყო.
Print