ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურში ღია ბიბლიოთეკა გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)
საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების ორგანიზებით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ღია ბიბლიოთეკა მოეწყო. იდეის ავტორის, სალომე გუგუშვილის განმარტებით ერთი თვის განმავლობაში აქ მოსულ ადამიანებს წიგნების გამოწერა და ადგილზე კითხვა შეეძლებათ. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა აქტივობები, მათ შორის ყოველ შაბათს ფილმის ჩვენება.
"პროექტის იდეა გაჩნდა პოსტ-პანდემიის პერიოდში. მე თვითონ წავაწყდი წინააღმდეგობას, წიგნები მჭირდებოდა და ვერ ვიწერდი. მივმართე მერიას დაფინანსებისთვის, რადგან ეს იყო ინოვაციური პროექტი, ფაქტობრივად, საჯარო სივრცე გადმოვიდა ისევ საჯარო, ოღონდ ღია სივრცეში. ვთვლი, რომ დიდი სიმდიდრე გვაქვს ბოტანიკური ბაღის სახით და ეს გამოსაყენებელია. პროექტი აძლევს თავისუფლებას და განვითარების შესაძლებლობას ახალგაზრდებს, რადგან აქ მოსული ადამიანი აიღებს, წაიკითხავს წიგნს, უყურებს ფილმებს, მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რომელსაც დაგეგმავენ ის ორგანიზაციები, ვინც აქტიურად ზრუნავს მოქალაქეთა ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვთვლით, რომ სასიამოვნო და საინტერესო ერთი თვე ელოდება ჩვენს თანაქალაქელებსაც და სტუმრებსაც, რადგან გვაქვს ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკაც, რითაც ვამაყობთ", - გვითხრა სალომე გუგუშვილმა.  

ბოტანიკურის ტერიტორიაზე წიგნების წაკითხვის მსურველებს თან პირადობის მოწმობა უნდა ჰქონდეთ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღია ბიბლიოთეკის მკითხველებს წიგნის შერჩევაში მოხალისეთა ჯგუფი დაეხმარებათ. პატარა მკითხველებისთვის საბავშვო კუთხე მოეწყობა, სადაც მათ წიგნების კითხვასთან ერთად, ხატვაც შეეძლებათ. 


Print