ახალი ამბები
სოხუმი მზადაა რუსი ტურისტებისთვის "საზღვარი" 15 ივლისიდან გახსნას
სოხუმი მზადაა 15 ივლისიდან რუსი ტურისტული ჯგუფები მიიღოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდეტმა "ინტერფაქსს" განუცხადა. ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში შემოსულმა ტურისტებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა და კოვიდ - პასპორტი, ხოლო მიმღები დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ აუცილებელი სამედიცინო პრეპარატებით და სპეციალური საშუალებებით. გარდა ამისა, აფხაზმა ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, საზღვარი ინდივიდუალური ტურიზმისთვისაც გაიხსნება. 

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, მოსკოვის პასუხს ელოდებიან. რუსეთის ფედერაციის წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე, Covid -19 - ის, 13 -14 ივლისს, პრევენციის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე იმსჯელებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 13 – 17 ივლისს, ენგურის ხიდზე ისევ გაიხსნება "ჰუმანიტარული კორიდორი" დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთის რეგიონში დაბრუნების მსურველთათვის. 5 დღის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, ე.წ. საკონტროლო- გამშვები პუნქტის კვეთას მოქალაქეები დილის 9 - დან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ.



Print