ახალი ამბები
ენგურის ხიდი 5 დღით ისევ გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)
დღეიდან, 5 დღის განმავლობაში, ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახურის" ინფორმაციით,  ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის კვეთას მოქალაქეები, რომლებიც სამეგრელოდან აფხაზეთში მიემართებიან, 13-15 ივლისს - 09:00-დან 19:00-მდე, ხოლო 16-17 ივნისს - 09:00-დან -15:00 საათამდე შეძლებენ.
ამავე ცნობით, მათ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ. გადამსვლელებმა "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის" პასპორტი, 2016 წლის ნიმუშის აფხაზური პასპორტი, ფორმა #9, ბინადრობის მოწმობა, 14 წლამდე ბავშვებისთვის კი დაბადების მოწმობა თან უნდა იქონიონ. 

ენგურის ხიდი, რომელიც სოხუმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან სამი დღით იყო გახსნილი, 24 ივნისს ისევ ჩაიკეტა. მანამდე, 26 მაისიდან, აფხაზურმა მხარემ ასევე ცალმხრივად, ერთი კვირით გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით სამი თვით იყო ჩაკეტილი. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.
Print