ახალი ამბები
ჩხოროწყუს სოფელ ჭოღას მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნაწილობრივ განადგურდა სიმინდისა და თხილის მოსავალი. ასევე, სტიქიის გამო დაიხოცა შინაური ფრინველი.

"გუშინ სადღაც 6 საათზე ქარბორბალამ ნაწილი გადახადა სახურავის, მეორე ნაწილიც უვარგისია... ფაქტობრივად მთლიანად გამოსაცვლელია. გვაწვიმს, ვეცადეთ შეგვეკავებინა გადავაფარეთ "ბრეზენტით", მაგრამ უშედეგოდ. ეზოში თხილნარია რომელიც ნახევარზე მეტი დაცვივდა, განადგურდა სიმინდის ყანა. ხელისუფლების იმედი მაქვს, ყველას ეხმარებიან და ვნახოთ", - უთხრა ჟურნალისტებს ჭოღას მკვიდრმა ოქრო შენგელიამ.

ადგილზე იმყოფებოდა და მოსახლეობას დახმარებას დაპირდა ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა.

"ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოვუყოფთ თანხას, რომ პირველ რიგში გადახურულ იქნას ეს სახლი", - თქვა გოგუამ.

მერის ინფორმაციით ჩხოროწყუს ტერიტორიაზე დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მეწყერი.
Print