ახალი ამბები
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიის გამოცდაზე 14 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 154 აბიტურიენტიდან 14 არ გამოცხადდა. შესაბამისად, დღეს ბიოლოგიას 140 კურსდამთავრებული აბარებს. ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას ინფორმაციით, არც ერთ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდა და გამოცხადებულებიდან გამოცდაზე ყველა დაუშვეს.

“ამ დრომდე საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არანაირ დარღვევას ადგილი არ ქონია. ვინც კი გამოცდებზე მოვიდა ყველა აბიტურიენტი შევიდა გამოცდაზე“, - აღნიშნა ნანა ქირიამ.

გამოცდების ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას, არგამოცხადებული სტუდენტები არიან თუ არა აფხაზეთში მცხოვრებლები.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.



Print