ახალი ამბები
სოხუმი: გალის მცხოვრებლებს მიწის გადასახადი გაუნახევრდებათ
15 ივლისს ასლან ბჟანიამ გალის რაიონის საკრებულოს 2003 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის თანახმად, გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის მიწის გადასახადი უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა რაიონის მცხოვრებლებისათვის. "პრეზიდენტის" განკარგულებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა "აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობას მიწის გადასახადის შესახებ", წერს "ნუჟნაია გაზეტა".

მანამდე აფხაზმა ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა განაცხადა, რომ გალის რაიონში ფიზიკური პირები გაცილებით უფრო მაღალ გადასახადს იხდიან, ვიდრე აფხაზეთის სხვა რაიონებში. მან "გენპროკურატურას" მოუწოდა რეაგირება მოახდინოს და გაარკვიოს, რამდენად კანონიერია გალის რაიონული საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება. 

თავის მხრივ, გალის რაიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 2003 წელს მიიღეს და ის არ ეწინააღმდეგებოდა არსებულ "კანონმდებლობას". თუმცა, თემურ ნადარაიამ აქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განკარგულების შედეგად, რაიონის ბიუჯეტს 5 მილიონი რუბლის ოდენობით შემოსულობები მოაკლდება. თემურ ნადარაიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, განახევრდება გადასახადი, რომელიც ახლა 2250 (დაახლოებით 100 ლარი) რუბლს შეადგენს. ის თვლის, რომ ეს არც ისეთი დიდი თანხაა, რომ მძიმე ტვირთად დააწვეს ადგილობრივ გლეხებს.

"ფერმერებს 1 ჰექტარზე 2 ტონამდე თხილი მოჰყავთ, იმ პირობებში, როდესაც 1კგ თხილი 100 რუბლი ღირს, მათ, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 200 ათასი რუბლის მიღება შეუძლიათ, მოგება ამ შემთხვევაში, დაახლოებით 100 ათას რუბლს შეადგენს, ადგილობრივებს კი თხილის პლანტაციები, საშუალოდ, 2-3 ჰექტარზე აქვთ გაშენებული", - ამბობს გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი ხემძღვანელი.

აფხაზი პარლამენტარი ნატალი სმირი თვლის, რომ აღმასრულებელ ხელისულფლებას უფლება არა აქვს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში შეიტანოს ცვლილებები. მისი განმარტებით, ამას შესაძლოა 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ "კანონის" დარღვევა მოჰყვეს.



Print