ახალი ამბები
სამეგრელოში ლოკოკინების ოთხი ფერმაა გაშენებული
მას შემდეგ, რაც ხობის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირველი ფერმა გაშენდა, ამ ბიზნესით დაინტერესებულთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. სამეგრელოში ლოკოკინას უკვე ოთხი ფერმაა გაშენებული და მოსავალს წელსვე ელოდებიან. შპს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელის მერაბ ნადარაიას თქმით, სამიდან ორი ფერმა აბაშაში, ხოლო ერთი ზუგდიდის სოფელ ერგეტაშია მოწყობილი.

„ამ ფერმებიდან მიღებული მოსავალი ბაზარზე ალბათ დეკემბერში გავა, რადგან ოდნავ დაგვიანებით გაშენდა. საჯიშე ლოკოკინები ჩვენგან წაიღეს. ძალიან ბევრი გვირეკავს და ჩვენც სიამოვნებით ვუწევთ კონსულტაციებს“, - გვითხრა მერაბ ნადარაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ფერმა უკვე 20 ადგილას გაშენდა.

ინფორმაციისთვის, შპს „ნადი გრუპი“ წელს, ოქტომბერში იტალიაში 45 ტონაზე მეტი ლოკოკინას გატანას გეგმავს, მომდევნო წლებში კი მისი რაოდენობა შესაძლოა 200 ტონამდე გაიზარდოს.

სოფელ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. მის ასაშენებლად, ჯამურად, 1 860 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.
Print