ახალი ამბები
ასლან ბჟანია გალის მოსახლეობას: თქვენი რაიონი უყურადღებოდ არ დარჩება
ასლან ბჟანიამ გალში "პრეზიდენტის საზოგადოებრივი მიმღების" გახსნა დააანონსა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის კონსტანტინ ფილიას წარდგენისას განაცხადა, წერს "აფსადგილ ინფო".

"ჩვენ შევეცდებით მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ თქვენს რაიონს. ყველა, ვინც მუშაობს და ხელისუფლებას წარმოადგენს ამ რაიონში, ვალდებულია, კეთილსინდისიერად შეასრულოს საკუთარი სამუშაო. ჩვენ ყველა ვართ ადამიანები, რომლებიც უნდა ვემსახუროთ მოსახლეობის ინტერესებს, ჩვენს მოქალაქეებს. ამისთვის აგვირჩიეთ", – განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით გალის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ მიმართონ მას კითხვებით, წინადადებებითა და საჩივრებით. "თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ თქვენი რაიონი უყურადღებოდ არ დარჩება", - მიმართა ბჟანიამ გალის რაიონის მოსახლეობას.

თავის მხრივ, კონსტანტინ ფილიამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გალის რაიონის მცხოვრებლების ინტეგრაციის და ადგილობრივი ახლგაზრდობის, სტუდენტობის განვითარების საკითხებს.

მანამდე, 2019 წლის დეკემბრიდან,  გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციას ომარ ბგანბა ხელმძღვანელობდა, რომელმაც თემურ ნადარაია ჩაანაცვლა.



ამავე თემაზე:

გალის რაიონის ე.წ . ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კონსტანტინე ფილია

Print