რეგიონი
პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობას ითხოვს
პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს და საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 ივლისს თ.ღ.-მ და მ.ღ.-მ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, თ.ღ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 8310 კოლოფი სიგარეტი „Manchester“-ი. სამართალდამცველებმა აღნიშნული საქონელი თ.ღ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას იმავე დღეს ამოიღეს, რის შემდგომ თ.ღ. და მ.ღ. დააკავეს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემურ ღვინჯილია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის სამსახურებრივი მანქანით კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მას უყვება, რომ მანქანა თანმხლებს, ამჟამად ამავე ბრალდებით დაკავებულ საკრებულოს აპარატის თანამშრომელს ათხოვა და ორივე სოფელ ფახულანში, უკანა გზაზე სამართალდამცავებმა აიყვანეს.
Print