ახალი ამბები
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიასა და საკრებულოს აპარატის წევრს მათე ღვინჯილიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. რაც შეეხება დაკავებულების უფლებადამცველებს, მათ სასამართლოს 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს.

"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია სრულად, ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ. დასაბუთებული და მითითებული იყო საფრთხეებზე, რაც გულისხმობს ერთის მხრივ დანაშაულის ჩადენას მომავალშიც, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეზე მივუთითეთ, ასევე გამოუცხადებლობასა და ბრალდებულების შესაძლო მიმალვაზე, რაც გამომდინარეობდა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით და დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე. გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს იმ კუთხითაც, რომ დადგინდეს როგორც მომწოდებლები, ასევე ის პირები, ვისთანაც უნდა მოეხდინათ რეალიზაცია", - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

ბრალდებულების ადვოკატი ანჟელა ჯობავა მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ სასამართლომ უკიდურესი ზომა მხოლოდ იმის გამო გამოიყენა, რომ დაკავებულები საჯარო მოხელეები არიან. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თემურ და მათე ღვინჯილიები ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

თემურ ღვინჯილია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის სამსახურებრივი მანქანით კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ამასთან, მისი ადვოკატის განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარე მას უყვება, რომ მანქანა თანმხლებს, ამჟამად ამავე ბრალდებით დაკავებულ საკრებულოს აპარატის თანამშრომელს ათხოვა და ორივე სოფელ ფახულანში, უკანა გზაზე სამართალდამცავებმა აიყვანეს.

Print