ახალი ამბები
აქცია კომბინატში - ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობის საწინააღდეგოდ პეტიცია შეადგინეს
ზუგდიდში. ე.წ. კომბინატის ტერიტორიაზე, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე ობიექტის მიმდებარედ ადგილობრივები შეიკრიბნენ და ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს. მათ უკვე შეადგინეს პეტიციის ტექსტი, რომლითაც პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ზუგდიდის მერსა და კომპანია "კოლხეთი ცემენტის" დირექტორს მიმართავენ. მათი თქმით, სწორედ ეს კომპანია აწარმოებს მშენებლობას. აღნიშნული მშენებლობის საწინააღმდეგოდ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

კომბინატში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დასახლებული პუნქტის მახლობლად აღნიშნული მშენებლობა საფრთხეს წარმოდგენს, როგორც გარემოსთვის, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის. აქციას „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ გაუწია ორგანიზება. მისი მტკიცებით, ცემენტის ქარხნის მშენელობის ნებართვა ფაიფურის ტერიტორიაზე არსებობს, ამ ადგილზე კი მშენებლობა უკანონოა.

"გარკვეულმა ჯგუფმა ფარულად, მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და საქართველოს ორგანული კანონის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესახებ ყველა ძირითადი ნორმის დარღვევით, დაიწყო უკანონო “სიკვდილის ქარხნის”, ცემენტის ქარხნის მშენებლობა აქ, ყოფილი ენგურქაღალდ კომბინატის ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება მიმდებარე სოფლებს: ახალ აბასთუმანს, შამგონას და ა.შ. ამ ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მშენებლობა არის დაუშვებელი. აბუჩად აიგდეს მოსახლეობა, არ ჩაატარეს არანაირი კონსულტაცია. ქარხანა, რომელიც იმუქრება ონკოლოგიური, ფილტვების ობსტრუქციული საშინელი დაავადებებით. იმუქრება ასთმური დაავადებებით. პეტიციის ტექსტს უკვე აწერს ხელს ათასობით ზუგდიდელი მოქალაქე. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება“, - თქვა ჯგუშიამ.
იმას, რომ კომბინატში ცემენტის ქარხანა შენდება, უარყოფენ ადგილობრივ ხელისუფლებაში. აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ უპასუხა. მისი ინფორმაციით, ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე განცხადება მერიაში არ შესულა და არც რაიმე სახის ნებართვა არსებობს.

წოწერია დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე წინადადება იქნება, გადაწყვეტილებას ყველა შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე და მოსახლეობის ჩართულობით მიიღებენ.

Print