ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: ზუგდიდში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, ზუგდიდში ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების საცხოვრებელი ყველა ნგრევადი შენობა, რომელსაც ექსპეტიზის დასკვნის თანახმად მინიჭებული აქვს მეოთხე ან მესამე კატეგორია, დაიხურება.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ადგილას, სადაც 1000-მდე დევნილი ოჯახი ახალ ცხოვრებას დაიწყებს. მასშტაბურმა მშენებლობამ შესაძლებლობა მოგვცა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიგვეღო - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე - მესამე და მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ყველა შენობა დაიხურება და პირველად, მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ, გაუსაძლის პირობებში არც ერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლებს აშენებს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ახორციელებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა დევნილს, დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 ოჯახს ახალი ბინები უახლოეს მომავალში გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადააადგილებული ოჯახები მიიღებენ.


Print