ახალი ამბები
ზუგდიდში ცემენტის ქარხნის მშენებლობა სურთ
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ჯანაშიას ქუჩაზე, რომელიც მოსახლეობასთან სიახლოვეს მდებარეობს, კომპანია “კოლხეთი ცემენტს” ცემენტის ქარხნის მშენებლობა სურს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" კომპანიის დირექტორმა რუბენ გახარიამ უთხრა. სწორედ ამისთვის, მისივე განმარტებით, მან სპეციალური დანადგარები ჩამოიტანა და საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დამხმარე, დროებითი ნაგებობა დაამონტაჟა, თუმცა, ამ ეტაპზე მერიისთვის განცხადებით არ მიუმართავს.

გახარია ამბობს, რომ კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროს სკოპინგის ანგარიშიც წარუდგინა, რის შემდეგაც ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.

"დროებით გადაიდო, ამ დღეებში მაინც იქნება. სკოპინგის ანგარიში მომზადებულია, გარდაუვალია განხილვა. ჩვენ დროებითი ნაგებობის გაკეთება დავიწყეთ, რომლის გადატანაც შეიძლება ნებისმიერ დროს. მოსახლეობას რაც შეეხება, ახლოს ვინც ცხოვრობს, ყველას შევხვდი, ხალხის ნებართვა თუ არ იქნება, გავაკეთებ სხვაგან. სადაც მოუნდებათ, რომ დაახლოებით 50 კაცი დასაქმდეს. არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ. მე სპეციალისტი ვარ. რომ ამბობენ იწვევსო კიბოს - ისეთი ფილტრები გვაქვს, ერთი მტვერი არ გავა, რამდენჯერ ვამტკიცო ეს, ეს საქმე ვიცი, თუ არ სჯერათ ჩემი რა ვქნა? ფაიფურში უნდა აგვეშენებინა, ალტერნატივა იყო ეს. იქ გვერდით იყო თხილის ქარხანა, არც იმას უშლიდა ხელს არაფერში, მერე გარემოს დაცვამაც შედარებები გააკეთა, ითქვა აქ გავაკეთოთო. იქნება შეკითხვები - ვუპასუხებ, საჯარო განხილვაზე", - ამბობს ის. 

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟი დაავალა და იმ შემთხვევაში, თუ "კოლხეთი ცემენტი" ერთ კვირაში აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟს არ განახორციელებს, ის 4 ათასი ლარით დაჯარიმდება. რუბენ გახარია ამბობს, რომ ის კონსტრუქციას დაშლის, თუმცა, ცემენტის ქარხნის მშენებლობისთვის მუშაობას განაგრძობს.

ჯანაშიას ქუჩაზე ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობა ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ გააპროტესტეს. მოქალაქეებმა ასევე შეადგინეს პეტიციის ტექსტი, რომლითაც პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ზუგდიდის მერსა და კომპანია "კოლხეთი ცემენტის" დირექტორს მიმართავენ. კომბინატში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დასახლებული პუნქტის მახლობლად აღნიშნული მშენებლობა საფრთხეს წარმოდგენს, როგორც გარემოსთვის, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
Print