ახალი ამბები
იდლიანში მოსახლეობამ მესტიის ცენტრალური გზა გადაკეტა
მესტიის სოფელ იდლიანის მოსახლეობამ ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივები სოფელთან დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციას მოითხოვენ და ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის გამო ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

"150-მდე ოჯახი ცხოვრობს ამ სოფელში და წინა საუკუნიდან, დაპირებების ფონზე დღემდე არაფერი არ შესრულდა. გვქონდა სოფელს ხიდი, რომელიც ჩაძირა ჰესმა. ამდენი ხნის განმავლობაში მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია, შემოვლითი გზით გვიწევს მოძრაობა. მანქანები იმსხვრევა, იმტვრევა. არაფერი არ არის ჩვენთვის. ვითხოვთ უბრალოდ, რომ ხიდი აღდგეს. ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის. დიდი თოვლი იცის ჩვენთან და როცა ავად ხდება ვინმე, ამ დროს იმხელა შემოვლითი გზაა, რომ ერთმა ტრაქტორმა შეიძლება ორი დღე ვერ გაწმინდოს გზა, რომ ავადმყოფი გავიყვანოთ. ამას სხვა პრობლემებიც ერთვის. ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობის ყურამდე რომ მივიდეს და დაინახონ როგორმე რეალობა რა არის ჩვენი სოფლისთვის, აი ეს გვინდა. გვითხრან ვითვლებით თუ არა, ან ვართ თუ არა საქართველოს რუკაზე, აგვიხსნან, გვექნება ხიდი თუ არ გვექნება", - ამბობენ ადგილობრივები.იდლიანის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ აქციას მანამ განაგრძობენ, სანამ ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოვლენ.
Print