რეგიონი
ზუგდიდის სასწრაფო დახმარებას ახალი შენობა და ავტომობილები გადაეცა
ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა და  თანამედროვე ავტომობილები გადაეცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში, განახლებული ავტოპარკით გააგრძელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ადმინისტრაციული შენობა დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა.

,,ვინაიდან, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის წარმოადგენს პრიორიტეტს, ნამდვილად შევუქმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. ის საჭირო სამუშაო გარემო, ის კომფორტი, რათა მათ შეძლონ და უკეთესად შეასრულონ თავიანთი პასუხიმგებლობა და ვალდებულება, რომლებიც მათ აიღეს პროფესიის არჩევის დასაწყისში. ზუგდიდის მოსახლეობას ექნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო სწრაფი მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად აისახება რა თქმა უნდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე’’, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ და თანამშრომლებს სიახლეები პირადად მიულოცა.

ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების სამსახურს, ჯამში - 5 ახალი, სრულად აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. მათგან 4 სასწრაფო დახმარების მანქანაა, ხოლო ერთი - რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.


Print