ახალი ამბები
ქალი, რომელიც თბილისში ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ფეხით მიდიოდა საავადმყოფოში გადაიყვანეს
მანანა მიქავა, რომელმაც დღეს დილით ზუგდიდიდან თბილისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყო, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, ამჟამად ის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში იმყოფება. 

ბიზნესმენი თბილისში ფეხით ჩასვლას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს. როგორ მანანა მიქავა ამბობს, მას სურს დაადგინოს, არის თუ არა ქართული ოცნების თავმჯდომარე დაინტერესებული ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთით, რის შესახებაც, მისივე განმარტებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ უთხრა.

მიქავამ რამდენიმე დღის წინ მერიის შენობაში საპროტესტო აქცია გამართა და მერიისგან იმ საბუთების წარდგენა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც მას სადაო მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა. ის ამბობს, რომ დოკუმენტაცია გაყალბებულია და მერიამ აღნიშნული ტერიტორია უსამართლოდ დაიკანონა. ის ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი მერიას გარიგების საფუძველზე დაუთმო, მაგრამ ის მოატყუეს და ტერიტორია სრულად მიისაკუთრეს.

მანანა მიქავა ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, წლებია დაობს. მას ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მიქავას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აკვაპარკი უნდა აეშენებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გაუუქმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება, რის გამოც მანანა მიქავა აქციებს პერიოდულად მართავს.

აღნიშნულ ნაკვეთთან დაკავშირებით ედავება გამოძიება ქრთამის აღებას ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს.

ამავე თემაზე: 

ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ზუგდიდელი ბიზნესმენი თბილისში ფეხით ჩასვლას გეგმავს






Print