ახალი ამბები
გიგი უგულავა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს
"ევროპული საქართველოდან" 2020 წლის არჩევნებზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. ამის შესახებ მან "ევროპული საქართველოს“ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას თქვა. 

"როდესაც ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს უნდა შეაფასოს საქართველოს ისტორია, მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრება, კულტურა და მთლიანად შეხედოს საქართველოს, ამისთვის არსებობს ერთი ადგილი, სადაც ის აუცილებლდ უნდა ჩავიდეს და იმ ადგილიდან გადმოხედოს ქვეყანას, იმ პერსპექტივიდან დაინახოს ქვეყანა. ეს ადგილი არის სარკე, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს ჩვენი წარმატებები და ამავე დროს, ჩვენი ჩავარდნები. ეს ადგილი არის თერმომეტრი, რომელიც ზომავს ჩვენს ჯანმრთელობასა და ასევე, ჩვენს სნეულებას. ეს ადგილი არის ზუგდიდი და მე ვაპირებ, თქვენი მხარდაჭერით კენჭი ვიყარო ზუგდიდში. ზუგდიდი არის ქალაქი და რაიონი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ზუგდიდმა გამოიარა ყველაზე მძიმე დღეები დამოუკიდებლობის დღიდან. ზუგდიდმა უმასპინძლა და მიიღო ყველაზე მეტი დევნილი აფხაზეთიდან. ჩვენ ყოველდღიურად ენგურს გადაღმა ვუყურებთ ჩვენი მოქალაქეების ტკივილსა და ოკუპაციას და სწორედ ამიტომ, მივიღე მე ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელსაც ივანიშვილი გამართავს თავისი დამპალი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ზუგდიდი არ იმსახურებს იმ აღვირახსნილ კორუფციას, რომელშიც ივანიშვილმა ჩააგდო მთელი რაიონი და მთელი ქვეყანა", - თქვა უგულავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციამ ბევრი კარგი მოიტანა, თუმცა იყო ნაკლოვანებებიც, რაზეც თვალის დახუჭვა არ უნდა მოხდეს.

"ვარდების რევოლუციამ შეძლო გაემთლიანებინა ის უფსკრული, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ წარმოიშვა ზუგდიდსა და სამეგრელოში. გაემთლიანებინა და ის წყლულები მოეშუშებინა, რომელიც სამოქალაქო ომმა დატოვა. ვარდების რევოლუციის მერე იყო წინსვლა, განვითარება, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ შეცდომებსა და პრობლემებს. ჩვენ საჯაროდ უნდა დავდოთ პირობა, რომ განვითარება და წინსვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია და სწორედ ამ პოზიციით ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ არასდროს უნდა მოვითხოვოთ გაკეთებული საქმეებისთვის და წარმატებისთვის მადლობა, მაგრამ ყოველთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში, თუ სადმე შეგვეშალა და ესეც არის ჩვენი მტკიცე პოზიცია წარსულთან დაკავშირებით, რომელიც არის მშობელი მომავლისა", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა.

"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.


Print