ახალი ამბები
გიგა ბოკერია ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია იქნება. ამის შესახებ მან პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას თქვა.

„ჩემთვის ძნელია, რამე სიახლე შევთავაზო ჩემი სახით ხალხს. გადავწყვიტე, კენჭს ვიყარი ფოთში-ხობსა და სენაკში. საქართველოს ეს ნაწილი არის საქართველოში ყველაზე ევროპული ნაწილი. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვერჩით იმ ხალხს, ვინც ჩვენს ხარჯზე ერთობა და ხელს გვიშლის თავისუფალი ნების აღსრულებაში, იმ ხალხს, ვინც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ქვეყნის გარე მტერს, პუტინის რუსეთს შეეკრას, ვებრძვით იმ ხალხს, ვინც მზადაა ძალადობა და სიძულვილი წაახალისოს და ადამიანები სხვადასხვა ჯგუფად დაყოს. ჩვენ ვერჩით იმ ხალხს, რომელიც მოვიდა ლოზუნგით, რომ ვითომ მშობლები უნდა იყვნენ ჩვენი და ამ დროს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ეგეთი დაპირების შემდეგ, ცუდი ძიძები აღმოჩნდნენ. ვერჩით იმ ხალხს, ვინც კრიმინალს შეეკრა, რომ ძალაუფლებაში იყოს, ვინც სასამართლო კი არ გააუმჯობესა, ბოლომდე კორუფციაში ჩაფლო. ამიტომაა ეროვნული ამოცანა ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ამას გავაკეთებთ ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად. ამ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია, უნდა ვიყოთ ერთიანები, შეკრულები, მაგრამ არ უნდა დავემსგავსოთ იმათ, ვისაც ვებრძვით. „ევროპული საქართველო“ არ დაუშვებს, რომ ივანიშვილის ჩამოშორების შემდეგ ვინმემ იგივე გზაზე სცადოს დადგომა. შევკრავთ ევროპულ კოალიციას, რომელიც გამორიცხავს ვინმეს თავში ავარდნას და დავიწყებას, რომ ხალხის სამსახურში უნდა ვიყოთ“, -აღნიშნა ბოკერიამ.

"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.



Print