ახალი ამბები
აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტროსთვის“ რუსეთთან საზღვრის გახსნა მოულოდნელი აღმოჩნდა
2 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ჯანდაცვის სამინისტროში" მედიკოსებისა და ოპერატიული შტაბის საგანგებო თათბირი გაიმართა, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ფსოუზე "საზღვრის" გახსნის საკითხები განიხილეს. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნა მოულოდნელი იყო, წერს "აფსნიპრესი".

"ჩვენთან ადგილობრივ მოსახლეობაში ჯერ კიდევ საზღვრის გახსნამდე მოხდა აფეთქება და გუდაუთის საავადმყოფო უკვე ივსება, ყოველდღიურად ჩვენ 8-10 პაციენტს ვავლენთ და უკვე ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ ამ ნაკადთან გამკლავება ძალიან ძნელი იქნება, და თუ ჩვენს მოსახლეობას დაემატება ისინი, ვინც გადმოდიან, ჩვენ უბრალოდ "დავიხრჩობით" და დახმარებას ვერც ჩვენს მოქალაქეებს გავუწევთ და ვერც სხვა ვინმეს, კიდევ", - განაცხადა "ჯანდაცვის" მინისტრის მოადგილემ ალხას კონჯარიამ.

მან აღნიშნა, რომ მანამდე ოპერატიული შტაბი "საზღვრის" ეტაპობრივად გახსნის საკითხს განიხილავდა, რაც საზღრის კვეთისას ცნობის ან კოვიდ-პასპორტის ქონას ითვალისწინებდა.

"ჩვენთვის მოულოდენლი იყო, რომ გახსნა ასე უეცრად მოხდა, არ იყო შემუშავებული რიგი ეტაპებისა, ახლა კი საზღვარი უბრალოდ მთლიანად გაიხსნა და დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოსვლა", - აღნიშნა კონჯარიამ.

ფსოუზე "საზღვარი" რუსეთის ფედერაციამ 1 აგვისტოდან გახსნა. შესაბამის განკარგულებას "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ 1 აგვისტოს მოაწერა ხელი. მანამდე, 30 ივლისს, ის მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმოსვლა ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის 8 აპრილიდან იყო შეზღუდული.



Print