ახალი ამბები
გიგი უგულავა: მე არ ვცნობ არცერთ კანდიდატს, რომელიც ნომერს ამოეფარება (ვიდეო)
გიგი უგულავა ამბობს, რომ ზუგდიდის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი, რადგან, მისივე თქმით, გამარჯვება იქნება პოლიტიკური. მისივე თქმით, ის არ ცნობს არც ერთ კანდიდატს, რომელიც პარტიის ნომერს ამოეფარება.
"სხვა პარტიების კანდიდატებზე მე თქვენის ნებართვით არ ვისაუბრებ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი ჯერ არ არის. როდესაც გამოჩნდება, მაშინაც შევძლებთ საუბარს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემის აზრით და დარწმუნებული ვარ, უმეტესი ზუგდიდელების აზრით, კანდიდატი ზუგდიდში, ზუგდიდის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი, იმიტომ რომ აქ ბრძოლა არ იქნება სამეურნეო საკითხებზე. აქ ბრძოლა იქნება პირველ რიგში პოლიტიკური და გამარჯვებაც უნდა იყოს პოლიტიკური. შესაბამისად, მე არ ვცნობ არც ერთ კანდიდატს, რომელიც ნომერს ამოეფარება. მე ვცნობ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელსაც იცნობენ ზუგდიდელები. იციან მისი სახელი და გვარი, იციან მისი პოლიტიკური ბიოგრაფია, იციან ის რისთვის არის მოსული და რა უნდა. აი ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის თუ როგორ მაგრად ამოვეფარებით ამა თუ იმ საარჩევნო ნომერს. ამ ტაქტიკას "ქართული ოცნება" მიმართავს და ამ ტაქტიკით "ქართული ოცნება" დამარცხდება", - ამბობს უგულავა.

ინფორმაციისთვის, "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს დღეს პირველად შეხვდა. გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

Print