ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 88 ადამიანის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს კორონავირუსზე, მათგან 9 პირს Covid-19 დაუდგინდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, გრძელდება პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა.

4 აგვისტოს მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 36 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 107 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია - 37, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ეპიდემილოგიურის სიტუაციის გაუარესების მიუხედავად, 1 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ ფსოუზე გახსნა საზღვარი. შესაბამის განკარგულებას "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ იმავე დღეს მოაწერა ხელი. კორონავირუსის პანდემიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმოსვლა ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის 8 აპრილიდან იყო შეზღუდული.

ამავე დროს, აფხაზურმა მხარემ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ცალმხრივად ენგურის ხიდი ისევ გახსნას. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი, რომელიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, უკან დაბრუნებას, მდინარის გადალახვითაც ცდილობს. ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, "აზრი აქვს ისინი ლეგალურად" შეუშვან რესპუბლიკაში.



Print