ახალი ამბები
შსს: ზუგდიდი-თბილისის ავტობუსის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს
ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის დაზიანებისა და შემდგომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება ორი, მათ შორის სს კოდექსის 187- ე - ნივთის დაზიანებისა ან განადგურებისა და 276-ე - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. ამავე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ჯერ არავინ დაუკავებიათ.

გვიან ღამით კომპანია "გლობუსის" კუთვნილ ავტობუსს ხობის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა გზა გადაურბინა და ქვა ესროლა. თვითმხილველის ინფორმაციით, ქვა მგზავრს მოხვდა, რის შედეგადაც ქალმა თავის არეში დაზიანება მიიღო და მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

კომპანის წარმომადგენლის დავით დიდიშვილის თქმით, სავარაუდო დამნაშავე და მასთან მყოფი კიდევ ერთი პირი გაქცევისას ავარიაში მოყვნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა. 

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ორივე პირი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

ამავე თემაზე: 

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ქვა ისევ ესროლეს - სავარაუდოდ დაკავებულია ერთი პირი

Print