ახალი ამბები
მაშველებმა რიონში ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს
ფოთში, მდინარე რიონში სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print