ახალი ამბები
ზუგდიდში მარტოხელა და ხანდაზმული პირებისთვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა იგეგმება
ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე ხანდაზმული, მარტოხელა და მარტომცხოვრები პირებისათვის სოციალური საცხოვრისი უნდა აშენდეს. მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე 45 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადდა.

დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია 20 ბინიანი ორსართულიანი სახლის მშენებლობა, რომელიც, დაახლოებით, 50 ადამიანზეა გათვლილი. შენობას ექნება ლიფტი და ცენტრალური გათბობა. პირველ სართულზე განთავსებული იქნება სხვადასხვა აქტივობების ჩასატარებელი ოთახი. ბინები აღჭურვილი უნდა იყოს ავეჯით, გაზქურით, მაცივრით და სარეცხი მანქანით. ასევე, დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა, სადაც გათვალისწინებულია ბილიკები უსინათლოებისთვის.

„ეს იქნება კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი შენობა. აქ ბენეფიციარები, სავარაუდოდ, დროებით იცხოვრებენ. ჯერ დებულება არ არის შედგენილი და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიცი, რომ კეთდება ძალიან სასარგებლო და საჭირო საქმე. თუ როგორ იქნება ბენეფიციარების შერჩევა, რამდენ ხანს დარჩებიან ისინი საცხოვრისში, ამ თემებზე სწორედ ამ დებულების შედგენის შემდეგ შევძლებთ საუბარს“, - ამბობს მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია.

სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მომავალ წელსაა დაგეგმილი და ამისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს.


Print