ახალი ამბები
სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება
კორონავირუსთან დაკავშირებით სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების გამკაცრების საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს.

"რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში. დანარჩენი რიცხვების ჩაშლის შედეგად ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ დამატებით ზომები გამკაცრდეს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გვექნება კვლავ მიზნობრივი ტესტირება, უფრო მეტად გაფართოვებული და მივყვებით იმ სტარტეგიულ გეგმას, რომელიც ჩვენ აქამდე გვქონდა დასახული" - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები გატარდება ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით, ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

„გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემილოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს. ამ შეხვედრის შემდეგ მაქვს კონკრეტული შეხვედრა საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, 17 მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა.

Print