ახალი ამბები
მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დაწესდა
დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით გადაადგილება რეგიონის შიგნითაც შეიზღუდება.

"ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს. მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელს ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს მიმართონ ან 112-ს დაუკავშირდნენ. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია STOPCOV.GE რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთა შესაძლო კონტაქტს. ჯერჯერობით ყველა ტურისტს მოვუწოდებთ იყვნენ მშვიდად, გააგრძელონ იქ ყოფნა, სადაც არიან. სასურველია ყველა დარჩეს თავის ადგილას", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, სავალდებულო კარანტინს გაივლის, ხოლო შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, ხოჯევანიშვილის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.
Print