ახალი ამბები
რა შეზღუდვები მოქმედებს სვანეთში
დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, იზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლა, რასაც საპატრულო პოლიცია და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ასევე, შეზღუდვებია გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. გარდა ამისა, ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.

თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ჰიგიენა.

Covid-19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინე ზონებში განათავსებენ.

ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს.

უკვე შექმნილია რეგიონული შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს უზრუნველყოფს.

მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დარეკონ 112- ზე.

ინფორმაციისთვის, სვანეთში 17 მოქალაქეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან, სამი ადამიანი თბილისდან მესტიაში სტუმრად ჩავიდა, დანარჩენები მათი კონტაქტები არიან. ამასთან, ინფიცირებულია ერთი მედიკოსი, რომელიც მესტიის საავადმყოფოში მუშაობს.

Print