ახალი ამბები
კახათის სკოლის მოსწავლემ გერმანულში მაქსიმალური - 80 ქულა მიიღო 
კახათის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ელენე თუზბაიამ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური - 80 ქულა გერმანულ ენაში მიიღო. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, აღნიშნული შედეგი, სკოლის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის დამსახურებაა. ელენეს თქმით, ტესტის ჩაბარება მისთვის განსაკუთრებულად რთული არ ყოფილა.

"გერმანული ენის ტესტს რაც შეეხება, ჩვენი სკოლის პროექტებში ჩართული ბავშვებისთვის დაუძლეველი არ იყო და რთული, თუმცა არც ძალიან მარტივი იყო რა თქმა უნდა. საკუთარი თავით კმაყოფილი გამოვედი გამოცდიდან, შესაბამისად კარგ შედეგებს ველოდებოდი. ეს ქულა ძალიან გამიხარდა, დიდი ემოციაა. სამართლის ფაკულტეტზე ვაბარებ, რადგან მომწონს ეს სფერო. იმედი მაქვს ჩემი შედეგები მომცემს იმის საშუალებას, რომ სასურველ სასწავლებელში ჩავირიცხო", - გვითხრა მან.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
Print