რეგიონი
სოხუმმა შესაძლოა სასწავლო პროცესი 1 სექტემბერს განაახლოს
აფხაზეთში სასწავლო პროცესი, შესაძლოა 1 სექტემბერს განახლდეს, ამის შესახებ "გალ ტვ" - ს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ განუცხადა.

"იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილური იქნება და ვირუსის გავრცელება მინიმალური, ჩვენ მზად ვართ გავხსნათ ბაღები და სკოლები. თუკი დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ შევაჩერებთ პროცესს და დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ", - აღნიშნა მან.

კორონავირუსის პანდემიის გამო სოხუმმა სასწავლო პროცესი 18 მარტს შეაჩერა. 1 ივლისს ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები გაიხსნა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 148 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 50 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა.


Print