ახალი ამბები
ლენჯერში ადგილობრივებმა სოფლის ჩაკეტვა გააპროტესტეს
მესტიაში, სოფელ ლენჯერში სპეციალურ ბარიკადებთან ადგილობრივებმა აქცია გამართეს და ბლოკპოსტების მოხსნა მოითხოვეს. მათი თქმით, ლენჯერში ყველა მოსახლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია და მოითხოვენ, რეგულაციების დაცვით მესტიის ცენტრამდე გადაადგილების საშუალება აუცილებელი საჭიროებების შესასრულებლად მიეცეთ.

"გვინდოდა, რომ ბლოკპოსტები მოეხსნათ. ყოფილიყო თერმოსკრინიგი და რეგულაციების დაცვით გადაადგილების შესაძლებლობა. სადაც ვითომ კორონა აღმოჩნდა, ის სოფელი ისედაც იზოლირებულია. გვინდოდა ლენჯერის მხარე შესულიყო მესტიის ცენტრამდე, ასევე, გვქონოდა სათიბებში შესვლის შესაძლებლობა. ახლა რომ არ დაიწყონ სამუშაოები, დარჩებიან ზამთარში ყველაფრის გარეშე", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ნარგიზ ნიგურიანი.

ლენჯერელებს ადგილზე მესტიის მერი შეხვდა. მან აქციის ერთ-ერთი მონაწილის მობილურ ტელეფონს, რითაც ის აქციას იღებდა, ხელი კრა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა და კახა ჟორჟოლიანმა ტერიტორია დატოვა. ის ამბობს, რომ საქმე გაუგებრობასთანაა და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

"მთელ მოსახლეობას ვურიგებდით პროდუქტებს, მაგრამ ვერ მოიცალეს წამლებისთვის და ხვალიდან გაგრძელდება პროცესი. მშრომელი ხალხია, უნდათ, რომ საზამთროდ მოიმარაგონ შეშა, თივა და გვარდება ეს ყველაფერი. ალბათ, იქნება ტრანსპორტირება, ვმუშაობთ მაგ თემაზე", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მესტიაში საკარანტინო რეჟიმი ათ აგვისტოს მას შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ ლენჯერში 17 პირს კორონავირუსი დაუდგინდა.
Print