ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 8 პირს დაუდასტურდა 
მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე- ღამის განმავლობაში აფხაზეთში 94 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. 8 მათგანს Covid-19 დაუდგინდა. ამავე ცნობით, გრძელდება ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 22 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს, წერს "აფსადგილ ინფო".

შტაბის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 197 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 77 - ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლო დროს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, ფსოუზე "აფხაზეთ-რუსეთის საზღვარი" რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან გახსნა. იმავე დღეს შესაბამის განკარგულებას ხელი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც მოაწერა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმოსვლა ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის 8 აპრილიდან იყო შეზღუდული. გარდა ამისა, 7 აგვისტოდან სოხუმსა და მოსკოვს შორის, მარტის ბოლოს შეწყვეტილი სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. ამავე დროს, აფხაზურმა მხარემ რამდენჯერმე, რამდენიმე დღით, ცალმხრივად გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით 14 მარტს ჩაკეტა. ბოლოს, ე.წ. "ჰუმანიტარული კორიდორი" 5- 9 აგვისტოს იყო ორგანიზებული.
Print