ახალი ამბები
ადგილობრივები: ზუგდიდში ახალრეაბილიტრებულ ქუჩაზე ეზოები იტბორება (ვიდეო)
ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული სანიაღვრე არხი წყალს ვერ ატარებს. ამის შესახებ ამ ქუჩის მცხოვრებლები საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ წვიმის დროს სანიაღვრე არხის დაბალი გამტარუნარიანობის გამო რამდენიმე ეზო იტბორება. სწორედ აღნიშნულ საკითხზე შეხვდნენ ისინი ადგილობრივი დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ზუგდიდის ოფისში მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს.

"რადგან ქუჩა ახლად რეაბილიტირებულია, პრობლემა იყო მოულოდნელი. სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე და დღევანდელი შეხვედრაც ამიტომ დაიგეგმა. მოგვისმინეს და მივიღეთ პასუხები მიზეზების შესახებ. დაგვპირდნენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრება. ვიმედოვნებთ, რომ შესრულდება დაპირება", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მერაბ დანელიამ.
თავის მხრივ, მერიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხების პრობლემა დროებითია.

"დეტალურად ვუპასუხეთ მოსახლეობის კითხვებს. 70 ქუჩაზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რა დროსაც სანიაღვრე არხების გადმორთვას ვახდენთ, რის შემდეგაც სანიაღვრე არხების პრობლემა სრულად მოწესრიგდება", - თქვა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ.

ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.





Print