ახალი ამბები
მესტიაში რამდენიმე დღეში საკარანტინო რეჟიმი ნაწილობრივ მოიხსნება
მესტიაში 21 აგვისტოდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. მესტიის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სრულად გაიხსნება ყველა ადმინისტრაციული ერთეული, გარდა მესტიისა და ლენჯერისა. გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

"მესტიის მუნიციპალიტეტში გაკეთებული 3509 პისიარ ტესტის საფუძველზე, გვაქვს 33 დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინე ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს, აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა. მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

აქვე გაცნობებთ, რომ კორონავირუსის უკანასკნელი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმოსკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა, აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი, სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული",- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

მესტიაში საკარანტინო რეჟიმი 10 აგვისტოს მას შემდეგ დაწესდა, რაც 17 პირს სოფელ ლენჯერში Covid 19 ერთდროულად დაუდგინდა.
Print