ახალი ამბები
ჩხოროწყუელი მოსწავლეების პროექტმა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
მსოფლიო მშვიდობის ფედერაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International Association of Youth and Students for Peace-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩხოროწყუელმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, Peace Designer-ში საქართველომ მონაწილეობა პირველად მიიღო. ამავე ცნობით, ევროპის ქვეყნებიდან წარდგენილი 11 პროექტიდან საუკეთესოდ სწორედ ჩხოროწყუელი მოზარდების პროექტი - "My Clean Village" (ჩემი სუფთა სოფელი) დასახელდა. 

პროექტი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი კვარაცხელიამ, ელენე როდონაიამ, ნიკოლოზ ხორავამ, მონიკა წურწუმიამ, ბექა ყალიჩავამ და ელენე კვირკველიამ მოამზადეს. მოზარდებს აღნიშნული კონკურსის შესახებ ინგლისურის მასწავლებელმა თეა კვარაცხელიამ უთხრა. 

"დავინტერესდი ამ თემასთან დაკავშირებით და გადავწყვიტე მიმეღო კონკურსში მონაწილეობა, ჩამოვაყალიბე საკუთარი გუნდი, რომელიც, ჩემი ჩათვლით, 6 წევრისაგან შედგებოდა. ვინაიდან კონკურსის სახელწოდება იყო "Peace designer" ანუ "მშვიდობის შემქმნელი" გადავწყვიტეთ პროექტი გაგვეკეთებინა სოფლის დაბინძურებაზე და კერძოდ იმაზე, თუ რით იყო ეს დაბინძურება გამოწვეული. გადავუღეთ სოფელში დანაგვიანებულ ადგილებს ფოტოები და გავაკეთეთ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე. ფინალური შეხვედრა შედგა ონლაინ. გამარჯვებას არ ველოდით, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ სამეულში გავიდოდით. როდესაც გვითხრეს, რომ საუკეთესო იყო ჩვენი პროექტი, ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა", - გვითხრა გუნდის ლიდერმა გიორგი კვარაცხელიამ. 

როგორც გიორგიმ აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო კორეაში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია, სადაც ის გუნდის წევრებთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო. მისივე თქმით, პროექტს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში განახორციელებენ და სოფელ მეორე მოიდანახის ტერიტორიაზე ნაგვის ბუნკერებს დადგამენ. 


Print