ახალი ამბები
"ათინათმა" ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
რადიო "ათინათის" კონკურსი "ზაფხული აფხაზეთში - ფოტოები საოჯახო არქივიდან" დასრულდა. გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ. კონკურსის პირობების შესაბამისად, მთავარი პრიზის მფლობელი მადონა მენაღარიშვილი გახდა და მას საჩუქრად ფულადი პრიზი - 500 ლარი გადაეცემა.

"ათინათის" ხშირი მსმენელი ვარ, ყოველთვის ვადევნებ თვალს მის ფეისბუქ გვერდსაც. როდესაც გამოაქვეყნდა ფოტოკონკურსის შესახებ პოსტი, მაშინვე დავინტერესდი. მე აფხაზეთიდან ვარ და იქ გადაღებული ბევრი ფოტო მაქვს არქივში. სურათი, რომელიც გამოვაგზავნე, გადაღებულია ჩემს მშობლიურ ქალაქ სოხუმში. ფოტოზე ვართ მე, დაახლოებით,7-8 წლის, ჩემი ძმა, დედა, მამა და ჩვენი ნათესავი. ეს სურათი მახსენებს მთელს ჩემს ბავშვობას, რომელიც გავატარე სოხუმში. ახლა, როცა აფხაზეთიდან დევნილი გავხდი, მხოლოდ ეს ფოტოები დამრჩა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. თქვენი ფოტოკონკურსის შესახებ რომ გავიგე, ხელახლა გადავათვალიერე ალბომი. უღრმესი მადლობა ამ ძალიან საინტერესო იდეისთვის. გადავავლე თვალი სხვა მონაწილეების ფოტოებსაც, რომლებმაც თბილად გამახსენა ადრეული წლები", - აღნიშნა მანანა მენაღარიშვილმა.

რაც შეეხება "ათინათის" რჩეულ კონკურსანტს, ის ლუკა ჯღარკავა გახდა, რომელიც 200 ლარს და სასტუმრო "ლეთოს" მიერ დაწესებულ პრიზს მიიღებს. 

"ფოტოკონკურსის შესახებ რადიოს გვერდიდან გავიგე, ("ათინათის" ნიუსებს დიდი ხანია აქტიურად ვადევნებ თვალს და ვენდობი). მე აფხაზეთიდან ვარ და გავეცანი თუ არა კონკურსის წესებს, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო, ბედი მეცადა და თან ჩემი ოჯახის პატარა ისტორიაც გამეცნო საზოგადოებისათვის. ასევე, რა თქმა უნდა, წამახალისა პრიზებმაც. ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი ხშირად დადიოდა გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში და რამდენიმე ისეთი ფოტო, რომელიც კონკურსის შესაბამისი იყო, ჩემს საოჯახო ალბომში აუცილებლად მოიძებნებოდა. შევარჩიე მათგან, ჩემი აზრით, საუკეთესო - მამისა და მამიდის სურათი გაგრაში, ზღვის ხედით... ძალიან ბავშვური, ფერადი, ნოსტალგიური, ისეთი, როგორიც ბევრს ახსოვს აფხაზეთი. როცა მამას და მამიდას ამის შესახებ ვუთხარი, ძალიან გაუხარდათ და მგულშემატკივრობდნენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო რადიო "ათინათს", რადგან საშუალება მოგვცა ადამიანური გრძნობების გამომჟღავნებისა და ძველი ნაცნობების პოვნის. კონკურსის მიმდინარეობისას ძალიან ბევრმა ნაცნობმა, ნათესავმა, მამის და მამიდის მეგობარმა მომწერა და გაიხსენა ძველი წლები. ვფიქრობ, ალბათ, ერთ-ერთი მიზანი ამ ფოტოკონკურსის სწორედ ეს იყო და "ათინათს" ეს მშვენივრად გამოუვიდა", - ამბობს ლუკა ჯღარკავა.

კონკურსი რადიო "ათინათის" ფეისბუქ გვერდზე ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა 40-მდე კონკურსანტმა მიიღო.

ფოტოკონკურსის სპონსორები იყვნენ ბენზინგასამართი სადგურების ქსელი "გეკო", მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი", ბუტიკ-სასტუმრო "ლეთო", თხილის გადამამუშავებელი ქარხანა "ჯეო-ნათსი", კომპანია "ლაზური პური", საკანცელარიო მაღაზია "პილოტი", არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯე". რადიო "ათინათი" მადლობას უხდის ყველა პარტნიორ ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის.
Print