ახალი ამბები
ორსანტიაში ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ზუგდიდში, სოფელ ორსანტიის ტერიტორიაზე გუშინ მდინარე ენგურმა ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრია და ის, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას მდინარის გადალახვით ცდილობდა. 

"მდინარემ გამორიყა და მოსახლეობამ ნახა, გამოიძახეს პოლიცია და როგორც ვიცი პროზექტურაში წაიყვანეს ამოცნობაზე", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ინფორმაციისთვის, ენგურის ხიდი პანდემიის გამო თებერვალში ჩაიკეტა. მანამდე, საოკუპაციო რეჟიმმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ყველა გადასასვლელი ჩაკეტა.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print