ახალი ამბები
ზუგდიდში გარემოვაჭრეები მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მომუშავეები მერიისგან გარევაჭრობის უფლების გაგრძელებას ითხოვენ. გარემოვაჭრეების თქმით, ეს მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა და აკრძალვის მიუხედავად იძულებულები არიან მუშაობა გააგრძელონ. ისინი დილით ბაზრის ცენტრალურ შესასვლელთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

„ორი დღეა ვაჭრობის საშუალებას არ გვაძლევენ და პროდუქტი გვიფუჭდება. ორ თეთრს ვაკეთებ აქ დგომით, ინვალიდი შვილი მყავს სახლში და მისთვის ლუკმა-პურს ვშოულობ. არსად არ ვაპირებ წასვლას, აქ დავდგები, თუ მომკლავენ, მომკლან. ან აქვე დავუტოვებ ამ პროდუქტს და თვითონ მომიტანონ საჭმელი“, - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ აზა ზარანდია.

მერიაში ამბობენ, რომ გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და არავის არა აქვს უფლება საერთო გამოყენების ტერიტორია თვითნებურად დაიკავოს.

„პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითერიდან გამომდინარე ვალდებულები ვართ დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, მათ შორის, მოქალაქეებს შორის დისტანცია. შესაბამისად მოსახლეობას ვეხმარებით, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება საერთო გამოყენების ტროტუარზე“, - ამბობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა მრვალი წელია დგას. ბაზრის გარეტერიტორიაზე მოვაჭრეებსა და ზუგდიდის მერიას შორის ამ საკითთზე უთანხმოება დღემდე გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება მათ ალტერნატიულ ფართს, ბაზრის შიდატერიტორიას სთავაზობს, თუმცა ამ წინანადებას მოვაჭრეები არ თანხმდებიან, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, იქ მომხმარებელი არ შედის.

Print