ახალი ამბები
მესტიის მერი: საკარანტინო სივრცეში არავინ არ დარჩება, ვემზადებით, რომ მივიღოთ ტურისტები
მესტიის საკარანტინო სივრცეში ამ დროისათვის არავინ რჩება, მუნიციპალიტეტში ტურისტების მისაღებად იწყებენ მზადებას. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა. "ყველა შეზღუდვა, რაც მესტია - ლენჯერს ეხებოდა, მოხსნილია, დღეიდან საკარანტინე სივრცეში არავინ არ დაგვრჩება, პირიქით ვემზადებით და მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ იმისთვის, რომ მივიღოთ ტურისტები. რაც შეეხება შეეხება ეპიდემიოლოგებს, აქ მუშაობა გრძელდება ისევ. ჩვენ მივიღეთ დიდი გამოცდილება და გყვავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გააგრძელებენ და იმუშავებენ ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენაზე და ცხელების ცენტრთან მიმართებაში მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ, რომ ამბულატორიამ მიიღოს ყველა პაციენტი", - განაცხადა ჟორჟლიანმა.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მესტიაში ეპიდემიოლოგებმა 5000 - მდე ადამიანი გატესტეს, მათგან 1600 მოქალაქეს მეორადი ტესტირება ჩაუტარდა. სულ ადგილზე კორონავირუსი 36 პირს დაუდგინდა.

შეგახსენებთ, დღეიდან მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. შსს-მ საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე გახსნა როგორც ლენჯერის , ასევე – დაბა მესტიის გასასვლელებში.

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.



Print