ახალი ამბები
ხობში, მდინარე მუნჩიაზე ე.წ. „პილინგით“ თევზაობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხობის სოფელ თორსა-დღვაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მუნჩიაზე უკანონო თევზჭერის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ამავე ცნობით, სავარაუდოდ სოფელ ხეთას მკვიდრი, ორ უცნობ პირთან ერთად, აკრძალული საშუალებით - თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატით, ე.წ. „პილინგით“ თევზაობდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სავარაუდო დანაშაულის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ, თუმცა ადგილზე სავარაუდო სამართალდამრღვევები აღარ დახვდათ. ზარის ინიციატორების ინფორმაციით, ბრაკონიერები დანაშაულის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა, - ამბობენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

სავარაუდოდ უკანონო თევზჭერის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
Print