ახალი ამბები
გაეროს რეზოლუცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნებას უჭერს მხარს
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად გაიზარდა რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და 84 სახელმწიფო შეადგინა.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.


„რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



Print