ახალი ამბები
გიორგი გახარია ზუგდიდში: საქართველოს შეუძლია თხილის ექსპორტი გააორმაგოს
ზუგდიდში გამართულ თხილის ფესტივალზე შეკრებილებს სიტყვით პრემიერ მინისტრმა მიმართა. გიორგი გახარიამ თხილის მოსავლის მნიშვნელობაზე და წელს მიღებულ შედეგებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ერთობლივი მუშაობით თხილის ექსპორტის გაორმაგება შესაძლებელია.

„ჩვენს ქვეყანას შეუძლია 100 ათასი კარგი, ხარისხიანი თხილი მოიყვანოს და ამისთვის უნდა გავზარდოთ თხილის ბაღები. მანამდე, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია  გავზარდოთ ჰექტარზე მიღებული მოსავალი. ამისთვის გვჭირდება ცოდნა, გვჭირდება ტექნოლოგიები. მადლობა მინდა გადაუხადო ასოციაციას პირველ რიგში ამ ღონისძიების მოწყობისთვის. მინდა გითხრათ, რომ არც ერთ რეგიონში, არც ერთ დარგში ასეთი ორგანიზებული ასოციაცია არ არის“, -თქვა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ და ფერმერებმა ერთობლივი და ორგანიზებული მუშაობით უნდა შეძლოს ქვეყნის გაძლიერება.

„საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი, რეგიონი და ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ნათელი გახდა პანდემიის დროს, როდესაც ელემენტარულად პირველადი მოთხოვნების პროდუქტების იმპორტი ქვეყანაში გახდა პრობლემა. დღეს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება და აქ თხილიც თავის ნიშას დაიკავებს“, - აღნიშნა  გახარიამ.

ზუგდიდში დღეს თხილის ფესტივალი ,,თხილობა 2020“ გაიმართა. ფესტივალი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ტარდება.

ფესტივალი მიზნად ისახავს ქვეყანაში თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

„თხილობა 2020“-ს საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ.
Print