რეგიონი
სოფლის მეურნეობის მინისტრი თხილის ფესტივალზე: პირველ რიგში მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზუგდიდში გამართულ თხილის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის ამერიკის შეეთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა. მან ასვე ისაუბრა ამ პროცესში პრემიერ-მინისტრის წვლილზე.

„მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ პროცესში და გამოწვევებში მხარდაჭერისთვის, რამაც დღევანდელ ზეიმამდე მოგვიყვანა. ეს ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი და წარმატებული გზის მხოლოდ დასაწყისია. არ შეიძლება არ აღინიშნოს მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ის პირველი დღიდან იყო ჩვენი მხარდამჭერი. პირველი დღიდან, როგორც კი, საქართველოში ფაროსანა გამოჩნდა, რაც რეალურად სტიქიური მოვლენა იყო სოფლის მეურნეობაში. პირველი მყისიერი დახმარება ჩვენ ამერიკელი მეგობრებისგან მივიღეთ და USAID, როგორც ამერიკის მთვარობის წარმომადგენელი იყო ჩვენს გვერდით.

ჩვენ, ამერიკელი მეგობრებისგან არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, არამედ, ექსპერტული ცოდნა და ტექნიკური დახმარება მივიღეთ, რომ გაგვეძლიერებინა ჩვენი მცენარეთა დაცვის საშუალებები, სამსახურები, რის საფუძველზეც საქართველო იქცა ცენტრად, სადაც გამოცდილების გასაზიარებლად მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ჩამოდიან. აქ, რა თქმა უნდა, ამერიკის დახმარება განსაკუთრებულია, თუმცა შემდგომში ბევრი მეგობარი ქვეყანა დაგვეხმარა და ყველა მათგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.

ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მინდა მადლობა ასევე გადავუხადო რეგიონის ხელისუფლებას და ფერმერებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ თხილის ბაღებში, უვლიან მოსავალს და იღებენ შედეგებს“, - თქვა მინისტრმა.

ზუგდიდში დღეს თხილის ფესტივალი ,,თხილობა 2020“ გაიმართა. ფესტივალი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ჩატარდა.


Print