ახალი ამბები
ზუგდიდის მერია: სოფელ ნაცატუში გზა სრულად 2021 წლამდე ვერ რეაბილიტირდება
ზუგდიდის მერის მოადგილის გიორგი ფარულავას განმარტებით, სოფელ ნაცატუში გზის საფარის დაგება წელს ვერ მოხერხდება. გიგა ფარულავას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვა, ხოლო 2021 წელს დაგეგმილია მისი სრული რეაბილიტაცია.

"ეს საკითხი ზუგდიდის მერიის მიერ შესწავლილია, ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში 2021 წლის სამოქმედო გეგმით უკვე გათვალისწინებული გვაქვს არსებული გზის სრული რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე დაწყებულია გზის მოხრეშვა-მოგრეიდერება. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ , მოსახლეობა გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რისი მაგალითიც დღეს ყველამ ვიხილეთ. ზუგდიდის მერია მხოლოდ მიმდინარე წელს ქალაქის 60 გზის რეაბილიტაციას და სოფლებში 30-მდე გზის რეაბილიტაციას ახდენს“, - ამბობს ფარულავა.

ინფორმაციისთვის, სოფელ ნაცატუს მოსახლეობის ნაწილი შიდასაუბნო გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მერიის შეთავაზება, რომ წელს გზის მხოლოდ მოხრეშვაა დაგეგმილი, მათთვის მიუღებელია. ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
Print