ახალი ამბები
ენგურის ხიდზე, სავარაუდოდ, ხატის გადმობრძანებას ელოდებიან
ენგურის ხიდზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი, სავარაუდოდ, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების მიერ ილორის ეკლესიისთვის ნაჩუქარი ხატის დაბრუნებას ელოდებიან. ისინი ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მათი ერთი ნაწილი ამბობს, რომ აქ იმიტომ მოვიდა, რომ აფხაზებთან შეხვედრა და პირისპირ საუბარი სურს.

„ხატს არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ჩემთვის მთავარია იმ აფხაზს შევხვდე და პირისპირ დაველაპარაკო, რათა გამოვნახოთ საერთო ენა. მე ევროპის იმედი არა მაქვს, ტყუილად გვპირდებიან, ამათ უნდა შევხვდეთ, - თქვა ბაღდადიდან ჩამოსულმა გიორგი თათელიშვილმა.
ინფორმაციისთვის, აფხაზებმა ენგურის ხიდამდე ღვთისმშობლის ხატი რამდენიმე დღის წინ მოაბრძანეს.


მანამდე ხატის დაბრუნების შესახებ განცხადება "აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც" გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები მიუღებელია მანამ, სანამ ქართული ეკლესია აფხაზურის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

ქართველმა პოლიტიკოსებმა - პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს.

Print