ახალი ამბები
შერიგების მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა (ვიდეო)
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, თეა ახვლედიანი სოფელ რუხში მდებარე ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს შეხვდა და ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრი ფახულანი-საბერიოს ე.წ. გადასასვლელსაც ეწვია. ასევე, იყო განმუხური-ფიჩორის გამყოფ ხაზზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზზე არსებულ ორსანტია-ოტობაიას, ხურჩა-ნაბაკევისა და შამგონა-თაგილონის ე.წ. გამშვებ პუნქტებთან, რომლებიც, რამდენიმე წელია, აღარ ფუნქციონირებს. სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. მინისტრის რუხის კლინიკასაც ესტუმრა.

,,აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებებით, როგორიც არის ადამიანების სიციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებისკენ მიმართული შესაძლებლობების გაფართოება - ამისკენ არის სწორედ მიმართული ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია კომუნიკაცია აფხაზურ საზოგადოებასთან; განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში დღემდე, ჩვენ დაგვიგროვდა საერთო ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იმედს გვაძლევს, რომ სამომავლოდ, შესაძლოა, ამ დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავება, რათა მოვაგვაროთ ადამიანების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, შევამსუბუქოთ მათი ყოფა. ამისათვის ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას უკვე არსებული ოფიციალური ფორმატების ფარგლებში, როგორიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ასევე იმედს ვიტოვებ, რომ გალში მალე აღდგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელსაც წინ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს სწორედ იმისთვის, რომ აღკვეთილ იქნას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და შემსუბუქებულ იქნას არსებული ჰუმანიტარული მძიმე ვითარება.

უნდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი გადაადგილების აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას, რაც თავის მხრივ იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული სოლიდური ნაბიჯი“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

Print