ახალი ამბები
გიორგი გახარიას განმარტებით, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში გორში, რუსთავსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება პირველი ოქტომბრიდან გაგრძელდება. მისივე თქმით, ქვეყნის სხვა ქალაქების სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.

„სწავლება რა თქმა უნდა იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად. ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო 15 სექტემბრიდან ყველგან. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კლასებში, სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა რაოდენობის ბავშვია და ამის გამო იყო გადანაწილებული, ნაწილი დისტანციურად და ნაწილი კლასებში. ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ სასწავლო კლასებში სწავლა დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ისევე როგორც იყო ბათუმსა და ქობულეთში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეხება ყველა წრეებს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ“, - განმარტა გიორგი გახარიამ.

როგორც მოგვიანებით მთავრობის კანცელარიაში განმარტეს, ზემოაღნიშნულ ქალაქების სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყევბა, ხოლო პირველი ოქტომბრიდან სასკოლო ოთახებში გაგრძელდება. ამავე ცნობით, ეს გადაწყვეტილება ეხება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დროის განმავლობაში დისტანციურად ისწავლიან I-IV კლასის მოსწავლეებიც.


Print